რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენერგოდარის მერი: ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს

UNIAN

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, დმიტრო ორლოვმა ისაუბრა.

მერის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში გამაფრთხილებელი სისტემა გათიშეს, რომელიც მოსახლეობას საფრთხისა და საჰაერო იერიშების შესახებ აფრთხილებდა.

"არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვივარაუდოთ, რა, როდის და სად ხდება... ოკუპანტები გადაადგილდებიან ქალაქში დღისით, ამოწმებენ მანქანებს, ტეხენ წინა შუშას თუ დაბურულია, ართმევენ ადამიანებს მობილურებს. უკვე არის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევები. სრული ანარქიაა". - თქვა ორლოვმა.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ 11-დღიანი ოკუპაციის მიუხედავად, ენერგოდარში არის თბო, ენერგო და წყალმომარაგება. მისივე თქმით, ქალაქის მოსახლეობამ მიიღო ჰუმანიტარული ტვირთი. ორლოვმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხის განწყობა არ შეცვლილა.

"პატრიოტული პოზიცია გამყარდა, რადგან ვხედავთ, რა ხალხია და რას აკეთებენ. იმედი გვაქვს, რომ უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ, აღვადგენთ ამ ყველაფერს და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას". - თქვა ენერგოდარის მერმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები