რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: თუ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ეს თამაშის წესებს შეცვლის

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ, შესაძლოა, კონფლიქტში NATO-ს სამხედრო ინტერვენცია გამოიწვიოს. ამის შესახებ დუდამ BBC-სთან ინტევიუში ისაუბრა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს, დუდამ აღნიშნა, რომ პუტინი რთულ სიტუაციაშია და ის ყველაფერზეა წამსვლელი.

"ამ მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. თუ მეკითხებით, რომ შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, ვფიქრობ, რომ პუტინი ახლა ყველაფერზეა წამსვლელი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკურად მან ეს ომი უკვე წააგო, სამხედრო დონეზე კი ვერ იგებს". - თქვა დუდამ.

კითვაზე, შესაძლოა თუ არა, ქიმიური იარაღის გამოყენებამ NATO-ს სამხედრო ინტერვენცია გამოიწვიოს, დუდამ განაცხადა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება შესაძლებელია.

"რა თქმა უნდა, ყველა იმედოვნებს, რომ ის ამას ვერ გაბედავს. მაგრამ, თუ ის მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ეს თამაშის წესებს შეცვლის. ცხადია, NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწევთ მაგიდასთან დასხდნენ და სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა გააკეთონ, რადგან თუ ეს [ქიმიური იარაღის გამოყენება] საშიში გახდება არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის". - თქვა დუდამ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები