რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მსოფლიოს მელიტოპოლის მერის ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

"გუშინ ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი ფედოროვი შეიპყრეს. მის გათავისუფლებას ქალაქის საზოგადოება ითხოვს და ეს მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ თითოეული მელიტოპოლელის ამ წინააღმდეგობისთვის.

ოკუპანტებმა უნდა დაინახონ, რომ უცხოა მთელი ჩვენი მიწა.

მოთხოვნა მარტივია - დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იგი ტყვეობიდან.

მივმართავთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მოსკოვს ესაუბრება - საფრანგეთს, გერმანიას, ისრაელს და სხვებს".- ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მერის გატაცების ამბავთან დაკავშირებით, სწრაფი რეაგირებუისკენ მოუწოდებს

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას თან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა ახლავს. კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, ასევე რუსეთის არმიის მიერ ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები.

უწყების განმარტებით, მელიტოპოლის მერის გატაცება კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული ჟენევის კონვენციებისა და I დამატებითი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ომის დროს სამოქალაქო მძევლების აყვანას კრძალავს.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ უპასუხოს ივან ფედოროვის და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას უკრაინაში, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსული ომი".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები