რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვის შემდეგ, აშშ-მ სანქციები მის ცოლსა და შვილებსაც დაუწესა

აშშ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს 12 წევრზე, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას, ასევე კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის ცოლსა და ზრდასრულ შვილებს".- თქვა პრაისმა. 

აშშ-მ პესკოვს სანციები 3 მარტს დაუწესა.

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.

ევროკავშირი მოსკოვს შეუჩერებს ვაჭრობაში უპირატესი პარტნიორის სტატუსს, შეუზღუდავს კრიპტოაქტივების გამოყენებას და აკრძალავს რუსეთში ევროკავშირის ფუფუნების საქონლის ექსპორტს და რკინისა და ფოლადის საქონლის იმპორტს.

11 მარტს ამერიკის შეერთეთებულმა შტატებმა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი.

ბაიდენმა რუსეთის "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმებაც მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრებთან კორდინირებით იქნა მიღებული.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

კომენტარები