რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი პარტნიორის სტატუსი ჩამოართვა – რას ნიშნავს ეს?

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

ბაიდენმა რუსეთს "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმება მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრებთან კორდინირებით იქნა მიღებული.

რუსეთის სავაჭრო სტატუსის ცვლილილება აშშ-ს და მოკავშირეებს საშუალებას მისცემს დააწესონ უფრო მაღალი ტარიფები ზოგიერთ რუსული პროდუქტის იმპორტზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის ეკონომიკის იზოლაციას.

"თითოეული ქვეყანა უარს იტყვის, რუსეთს ჰქონდეს  უპირატესობის მქონე ქვეყნის სტატუსი. უპირატესი პარტნიორის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა ვაჭრობისას თანხმდებიან საუკეთესო პირობებზე - აწესებენ დაბალ ტარიფსა და ვაჭრობის მცირე ბარიერს, ასევე, დაშვებულს ხდიან იმპორტის მაქსიმუმს

[...] აშშ-ის მიერ ამ სტატუსის ჩამორთმევა რუსეთს ამერიკასთან ბიზნესის წარმოებას გაურთულებს, ხოლო როცა ამ გადაწყვეტილებას ბევრი სხვა ქვეყანა, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენენ,  შეუერდება - ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე დარტყმა რუსეთის ეკონომიკისთვის". - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 

პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ერთობლივი მოქმედებით, რუსეთს ვაჭრობა მსოფლიო ეკონომიკის ნახევართან გაურთულდება.

ბაიდენის გადაწყვეტილების საბოლოო დამტკიცებისათვის კონგრესის თანხმობაა საჭირო. კონგრესი კანონპროექტის განხილვას შემდეგ კვირას გეგმავს. ნენსი პელოსისი თქმით, ის საკონონმდებლო ორგანოსგან ორპარტიულ მხარდაჭერას მოელის. 

პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აკრძალა არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი. 

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები