რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ პესკოვს და კიდევ 19 რუს ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

აშშ-მ კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს სანქციები დაუწესა. ასევე სანქცირებულია 19 რუს ბიზნესმენი და 47 მათთან დაკავშირებული პირი. 

ნიკოლაი ტოკარევე, ბორის და არკადი როტენბერგები, სერგეი ჩემეზოვი, იგორ შუვალოვი, ევგენი პრიგოჟინი და ალიშერ უსმანოვი სანქცირებულებს შორის მოხვდნენ.

შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს შვიდი რუსული ორგანიზაციისა და მათთან დაკავშირებული 26 პირის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან "დეზინფორმაციის გავრცელებისთვის".

შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიტანა ალიშერ უსმანოვის იახტა და თვითმფრინავი.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები