რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე ომში მოხალისეები ჩაერთვებიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ნებაყოფლობით, განსაკუთრებით, არა ფულის გამო, მოვიდნენ და დაეხმარონ დონბასში მცხოვრებ ადამიანებს - რას ვიზამთ, ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ მათ საბრძოლო ზონაში გადასვლაში ”- თქვა მან უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.
პუტინის თქმით, "დასავლელი სპონსორები" არ მალავენ, რომ ომში მონაწილეობისთვის დაწირავებულებს აგროვებენ, "ისინი ამას ღიად აკეთებენ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უგულებელყოფით".
10 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ახალწვეულებიც იბრძვიან. მანამდე, პუტინი ამტკიცებდა, რომ "ოპერაციაში მონაწილეობენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები, ოფიცრები და კონტრაქტორები".
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





