ირაკლი კობახიძემ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ივანიშვილის პრემიერმა ისაუბრა საქართველო-სერბეთის ურთიერთობებზე, დღეს გამართული შეხვედრების შინაარსსა და მნიშვნელობაზე.
კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს კი ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც ზრუნავს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. მისი თქმით, ორივე ქვეყნის ხელისუფლება კარგად აცნობიერებს სუვერენიტეტის მნიშვნელობას.
"ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს ვმასპინძლობდეთ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრ ვუჩიჩს. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც მტკიცედ ზრუნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, განმტკიცებაზე და მაქსიმუმს აკეთებს სერბი ხალხის კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია დღეს ვმასპინძლობდეთ ალექსანდრ ვუჩიჩს, სერბეთის პრეზიდენტს.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით. საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები ემყარება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ხალხთაშორისი კავშირების ხანგრძლივ ტრადიციებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობა და საერთო ფასეულობები.
ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას ბატონი პრეზიდენტის განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ სერბეთმა მტკიცედ იზრუნა საკუთარი რელიგიურ და ეთნიკური იდენტობის დაცვაზე, რაც არის განსაკუთრებულად დასაფასებელი, განსაკუთრებით თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს ღირებულებითი კავშირი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის ახალ იმპულსს, ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხელისუფლებები ძალიან კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ასევე კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, არის სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი." - განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერმა აგრეთვე თქვა, რომ თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნა ნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას. მისი ინფორმაციით, რამდენიმე საკითხზე შეთანხმების შემდეგ, ორივე მხარე მზად იქნება ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. გარდა ამ საკითხებისა, კობახიძის ცნობით, ისაუბრეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე და შეეხნენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც, რადგან ამ მიმართულებით საქართველოსა და სერბეთს აქვთ ერთნაირი შეხედულებები და გამოწვევები.
"მე მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე და განგვეხილა ჩვენი კავშირების, თანამშრომლობის შემდეგი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი დონის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.
ჩვენ ასევე შეხვედრაზე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. ამ თვალსაზრისით მისასალმებელია საქართველოს და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ჩვენს ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონიმიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, არის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი და მზად ვართ, რა თქმა უნდა, გავაღრმავოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი.
ჩვენ საუბრის დრო შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.





