რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინაში ახალწვეულებიც იბრძვიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ახალწვეულებიც იბრძვიან.

"სამწუხაროდ, დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალწვეულები უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ახალწვეულების სამხედრო მოქმედებებში ჩართვის შესახებ ინფორმაცია ომის პირველივე დღეებში გავრცელდა. ამის შესახებ ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები საუბრობდნენ, ასევე, უკრაინელი სამხედროები ავრცელებდნენ დატყვევებული ახალწვეულების ვიდეოებს. რუსეთის ხელისუფლება აქამდე ოფიციალურად უარყოფდა უკრაინის ტერიტორიაზე გაწვეული სამხედრო ნაწილების შეყვანას.

"ამ ოპერაციაში მონაწილეობენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები, ოფიცრები და კონტრაქტორები. არც ერთი ახალწვეული იქ არ არის და არც ვაპირებთ მათ გამოყენებას". - თქვა რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები