ფინეთი-რუსეთი

ფინეთმა რუს კაპიტანს წყალქვეშა კაბელების საბოტაჟზე ბრალი წარუდგინა

სპეცოპერაცია Fitburg-ზე

ფინეთის პროკურატურამ სატვირთო გემის რუსეთის მოქალაქე კაპიტანსა და ეკიპაჟის ერთ წევრს, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა,  წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელების განზრახ დაზიანების საქმეზე ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2025 წლის 31 დეკემბერს ფინეთსა და ესტონეთს შორის მდებარე ფინეთის ყურეში მომხდარ შემთხვევას.

გემი Fitburg-ი, რომელიც რუსეთიდან ისრაელის მიმართულებით გადაადგილდებოდა, 31 დეკემბერს ფინეთის სპეცსამსახურებმა შეაჩერეს და მასზე ავიდნენ მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ ეკიპაჟმა ღუზით განზრახ დააზიანა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ზღვის ფსკერზე. კაბელები ფინეთსა და ესტონეთს შორის გადიოდა.

პროკურატურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე კაპიტანსა და აზერბაიჯანის მოქალაქე მაღალი რანკის ეკიპაჟის წევრს ბრალი წარედგინათ "განსაკუთრებით მძიმე ქონებრივი ზიანის მიყენებისა" და "სატელეკომუნიკაციო სისტემებში განსაკუთრებით მძიმე ჩარევის" მუხლებით.

გამომძიებლების ვერსიით, ბრალდებულებმა დააზიანეს ორი სატელეკომუნიკაციო კაბელი და სცადეს კიდევ რვა წყალქვეშა კავშირის განადგურება. გამოძიების თანახმად, დაზიანებული ღუზა ზღვის ფსკერზე დაახლოებით 130 კილომეტრის მანძილზე მიათრევდნენ, სანამ ფინეთის ხელისუფლება გემს შეაჩერებდა.

ფინეთის ეროვნული პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემის კიდევ ორი მეზღვაურის პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ განიხილება და მათთვის ბრალის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.

პროკურორების შეფასებით, ინციდენტმა "მნიშვნელოვანი ზიანი" გამოიწვია და სერიოზული საფრთხე შეუქმნა ფინეთის სატელეკომუნიკაციო, ელექტროენერგეტიკულ და გაზის ინფრასტრუქტურას.

ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ. მათი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ კაბელები ესტონეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაზიანდა და შესაბამისად, ფინეთს აღნიშნულ საქმეზე იურისდიქცია არ გააჩნია.

ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიურომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ივნისის დასაწყისში დაასრულა. ბოლო წლებში ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანების არაერთი შემთხვევა მოხდა, რის გამოც რეგიონში უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

 

კომენტარები