რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: საუდი და საამიროები ბაიდენთან საუბარზე უარს ამბობენ, რეგიონში აშშ-ს პოლიტიკის გამო

ჯო ბაიდენი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დე-ფაქტო ლიდერებმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარზე უარი თქვეს, რადგან მისი ადმინისტრაცია ამ ქვეყნებს რეგიონში მხარს არ უჭერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბაიდენსა და ამ ქვეყნების მონარქებს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრებით, აშშ ცდილობდა შეექმნა უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა და შეეჩერებინათ ნავთობზე ფასების ზრდა. WSJ-ს თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა მიაწოდეს. სატელეფონო საუბრები მეორე მხარის უარის გამო ვერ შედგა. 

"არსებობდა სატელეფონო ზარის მოლოდინი, მაგრამ არ მოხდა. ეს იყო [საუდის ნავთობის] ონკანის მოშვების ნაწილი". – თქვა WSJ-სთან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ჯო ბაიდენსა და საუდის პრინც მუჰამედს შორის დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე. 

საუდის არაბეთის ოფიციალური პირების თქმით, მათი ქვეყანა გზავნის ნიშნებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა გაუარესდა ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ, სურთ მეტი მხარდაჭერა იემენის სამოქალაქო ომში საკუთარი ძალების ინტერვენციის დასახმარებლად, ირანის ბირთვული პროგრამის დაწინაურების პარალელურად, საკუთარ სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე დახმარება და აშშ-ში პრინც მუჰამედზე სამართლებრივი იმუნიტეტის დაწესება. მემკვიდრე პრინცი მუჰამედის წინააღმდეგ აშშ-ში აღძრულია რამდენიმე საქმე, მათ შორისაა 2018 წელს ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობა. 

საუდის არაბეთის წუხილს იზიარებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. საამიროებისთვის პრობლემას წარმოადგენს აშშ-ს თავშეკავებული პასუხი მათ ტერიტორიებზე ირანის მხარდაჭერეილი იემენელი ჰუსიტების სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ WSJ-სთან საამიროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

ასევე, ორივე ქვეყანას აწუხებს ირანის ბირთვული შეთანხმების განახლების შესაძლებლობა, რაც ახლო მომავალში შესაძლოა დასრულდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გადასულია ფინალურ ეტაპზე.

მაშინ, როცა ბოლო 14 წლის განმავლობაში 1 ბარელი ნავთობის ფასი $130-მდე გაიზარდა, აშშ-ს ფასების შეკავებისთვის სჭირდება ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა, რადგან ისინი ამ ბუნებრივი რესურსის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლები არიან.

აშშ-დან WSJ-ს ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, გასულ თვეებში ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა ამ ორი ქვეყნის სარაკეტო თავდაცვის გაუმჯოებესებას და, მისივე თქმით, მომავალ თვეებში აშშ მათ ამ საკითხში კიდევ უფრო დაეხმარება. მან ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება ეს არაა იმის სრული დაკმაყოფილება, რაც ამ ქვეყნებს სურთ, თუმცა აშშ ცდილობს მათი უსაფრთხოების შიშები უზრუნველყოს. 

თუმცა, საუდი და საამიროები უარს ამბობენ ნავთობის მიწოდების გაზრდაზე, რადგან, როგორც ამბობენ, ისინი მიჰყვებიან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) შეთანხმებულ წარმოების გეგმას, ასევე სხვა, რუსეთის გაძღოლილ მწარმოებელთა ჯგუფის გეგმებს. 

გასულ კვირაში საუდის პრინცმა მუჰამედმა და საამიროების შეიხ მუჰამედმა უპასუხეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ზარებს, მას შემდეგ, რაც ბაიდენთან საუბარზე უარი თქვეს. ამის შემდეგ, ორივე მათგანი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. WSJ-სთან საუდის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ-მ მათ სთხოვა პრინც მუჰამედს ეცადა მოლაპარაკებების დაწყება კიევსა და მოსკოვს შორის. მისი თქმით, ამის დაწყებას აპირებენ. 

თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ახლო მომავალში არ იგეგმება პრინც მუჰამედთან პრეზიდენტის საუბარი, არც მისი ვიზიტი საუდის არაბეთში.

აშშ-სა და სპარსეთის ყურის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკეთეს მდგომარეობაში იყო ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის დროს. 

ორშაბათს, 7 მარტს ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის აზრით, საუდის არაბეთს უნდა მოექცნენ როგორც "განკვეთილ" ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას მცირე სოციალური ღირებულება აქვს.

Atlantic magazine-მა პრინც მუჰამედს ინტერვიუში ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა თუ ბაიდენმა მისი არასწორად გაიგო, რაზეც მემკვიდრემ უპასუხა: "მარტივად, არ მაღელვებს. ეს მასზეა დამოკიდებული ამერიკის ინტერესებზე ფიქრო".

WSJ-სთან აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ საუდის არაბეთში პრინცი მუჰამედი გადაწყვეტილებების მთავარი მიმღებია და ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს გამონახოს მასთან სამუშაო გზა. 

საუდის არაბეთთან ერთად, გაერთიანებული საამიროები აშშ-ს სთხოვდა ჰუსიტები კვლავ შეეყვანათ ტერორისტული დაჯგუფებების სიაში და გამოეგზავნათ მეტი სამხედრო დახამრება ამ ჯგუფის თავდასხმებისგან დასაცავად. თუმცა, ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა WSJ-სთან თქვეს, რომ აშშ-ს ამ საკითხების უზრუნველსაყოფად ნაბიჯები არ გადაუდგამს.

კომენტარები