საქართველო-რუსეთი

ნონიაშვილი: მტრული ქვეყნიდან ხალხის ნაკადი მოდის – საზღვრის კონტროლი სუვერენული უფლებაა

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სიტუაციას აკონტროლებენ. პარტიის ცნობით, საქართველოში შემოსული რუსები ევროპისა და აშშ-ს სანქციებს გამოექცნენ და საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მიმართ მტრული განწყობით გამოირჩევიან. ნონიაშვილის თქმით, როცა მტრულად განწყობილი ქვეყნიდან მოქალაქეები მასობრივად შემოდიან, საზღვრის კონტროლი ქვეყნის სუვერენული უფლებაა.  

"ძალიან ლოგიკურია საქართველოს მოსახლეობის შიშები რუსეთიდან მომდინარე მზარდ ნაკადებთან დაკავშირებით, ოღონდ ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ საქართველოს მოქლაქეეებს არწმუნებდა, რომ უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება და ისინი აკონტროლებენ სიტუაციას, მათ შორის, იმიგრაციასთან დაკავშირებით, რაც, საბოლოო ჯამში, არის ტყუილი, იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არანაირად არ მოქმედებს ამ მიმართულებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და ამაზე ნათლად სცემს პასუხს აქ ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების სოციალური აქტივობები, სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფებში. ჩვენ ამით დავინტერესდით, რამდენიმე დღის მანძილზე ვნახულობდით სოციალურ ქსელებში - Facebook-ზე, Telegram-სა სხვადასხვა კონკრეტულ რუსულენოვან ჯგუფებს, რომლებიც შექმნილია აქ ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ან ადამიანების მიერ, რომლებიც დღე-დღეზე აპირებენ ჩამოსვლას. მაგალითად, ასეთი დიდი ჯგუფია 70 000-კაციანი Facebook-ზე, Telegram-ზე ერთ ჯგუფში 10 000 ადამიანია, მეორეში - 2 000, მესამეში - 1 000 ადამიანი". - ამბობს ნონიაშვილი

ნონიაშვილის თქმით, ევროპულმა საქართველომ შეისწავლა, თუ რა იწერება და რა განწყობებს გამოხატავენ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები - ისინი უკმაყოფილოები არიან ქართული მცირე რეგულაციებით, რომლებსაც აწყდებიან, მაგალითად "ნიშნისმოგებით საუბრობენ, რომ 2008 წელი საკმარისი არ იყო და რუსეთის ფედერაცია თბილისშიც უნდა შემოსულიყო", იმის გამო, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან საბანკო რეგულაციებით. ნონიაშვილის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ განწყობა, რომ "ბოლომდე უნდა გაჭყლიტონ" საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, იმისთვის რომ, მათივე თქმით, "200 წლის მანძლზე ხმა არ ამოიღონ".

"სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არის მოცემულობა, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების რისკის საკითხია ამ ნაკადების კონტროლი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაა, რომ ეს გააკონტროლოს. სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ეთნოშოვინიზმთან. სინამდვილაში, ეს ასე არ არის - სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა საკუთარი საზღვრის კონტროლი, განსაკუთრებით, როდესაც მტრული სახელმწიფოდან მოდის მოქალაქეების დიდი ნაკადები, რომლებიც ხაზგასმით დასავლეთის, ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს სანქციებს გამოექცნენ". - ამბობს ნონიაშვილი. 

გიორგი ნონიაშვილის თქმით, საკითხს მეორე, ეკონომიკური მხარე აქვს - რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც ბიზნესს აწარმოებს, სურთ, სანქციებს გვერდი აუარონ საქართველოს საშუალებით და საქართველო გახადონ ე.წ. შავი ხვრელი. 

"ამის ტენდენციები ნათლად ჩანს უკანასკნელი კვირის მანძილზე რძის პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით, ან გუშინ Georgian Airways-ის ხელმძღვანელის, გაიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ბილეთების გაყიდვაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით გაყიდიან. იცით, რომ რუსული საგადასახადო სისტემა დაამატეს Georgian Airways-ში, მაშინ, როდესაც Mastercard-ი და VISA-ის საგადასახადო სისტემა შეეზღუდათ". - ამბობს ნონიაშვილი. 

ნონიაშვილის თქმით, მსგავს სიგნალებს ნათლად აჩვენებს პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფება, Alt-Info და მათ მიერ დაფუძნებული კონსერვატიული მოძრაობა - ისინი ბოლო კვირის მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს აწვდიან სიგნალს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საქართველომ "ხელი უდნა მოითბოს", რაც იმას ნიშნავს, რომ "უკრაინელი ბავშების სისხლის ხარჯზე ჩვენ ბიზნესი უნდა ვაწარმოოთ" და საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გადმოიტანონ ბიზნესკაპიტალი, აქ უნდა დარეგისტრირდნენ.      

"სამწუხაროდ, გუშინწინ მამუკა მდინარაძე ნიშნის მოგებით საუბრობდა, აქ რომ დარეგისტრირდნენ რუსული კომპანიები, ამით რა, სანქციებს როგორ აუვლიან გვერდსო. ზუსტად ეს მაგალითები - Georgian Aiways-ის, სძის პროდუქტების მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება, სანქციებს გვერდი აუარონ რუსეთის მოქალაქეებმა, ეს ყველაფერი გახდეს შავი ხვრელი. 

ეს არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომელზეც ქართული ოცნება ჯიუტად ხუჭავს თვალს, იმიტომ, რომ ის არის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება და, ამავდროულად, ეს არის ღიად დაპირისპირება დასავლეთის სანქციებთან, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს გრძელვადიანად, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი შვილების მომავლისთვის". - ამბობს ნონიაშვილი.   

პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით კი საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს "ხვრელად" და არ უნდა გაუწიოს დახმარება არც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს, არც მის კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებს და არც კერძო მოქალაქეებს სანქციებისგან თავის არიდებაში.

"დღესდღეობით როგორც ვხედავთ, სახეზე არის ის, რომ საქართველოს გამოყენებით როგორც რუსეთის სახელმწიფო ასევე ცალკეული მოქალაქეები ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას, მეორე გასაგებია, რომ საქართველო დიდ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას სანქციებთან მიერთებით, მაგრამ მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ყოფილიყო მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთობლივი ფრონტით გამოსვლა ჩვენივე პრობლემების აქტუალიზაციისთვის. დღეს დასავლური სანქციების და პოლიტიკის ნაწილი საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბოკიოტით არის დაკავებული, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, გინდ მაღალი და გინდ დაბალი თანამდებობის წარმომადგენლები, უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმით არიან დაკავებულები, ახლა არაქტიურობა ტოლფასია საქართველოს დეოკუპაციიაზე და ტერიოტორიულ მთლიანობაზე უარის თქმისა". - ამბობს კანდელაკი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მასიური შემოდინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყება აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასულ წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ, მათ შორის, საქართველოში მიემგზავრებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, "არის 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული". მისივე სიტყვებით, "დაახლოებით, თუ არ ვცდები, 3 000 ადამიანია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა ამ ორ კვირაში".

პარალელურად, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც "ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული".  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები