რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რეზნიკოვი: მოგიწოდებთ, აჩვენოთ, რომ თავისუფალ სამყაროს ბუნკერში დამალული ტირანის არ ეშინია

"ყველას მოვუწოდებ, აჩვენონ, რომ თავისუფალ სამყაროს ბუნკერში დამალული ერთი ტირანის არ ეშინია". - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი. რეზნიკოვი პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისივე სიტყვებით, უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა ომის ყოველი მომდევნო დღე ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილს ნიშნავს. 

რუსი ჯარისკაცები იქცევიან, როგორც ტერორისტები და მშიშრები. 11 დღეში რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს 200-ზე მეტი უკრაინული სკოლა, 34 საავადმყოფო და 1500-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი.

უკვე დადგენილია, რომ რუსმა სამხედროებმა 38 უკრაინელი ბავშვი მოკლეს და 70-ზე მეტი დაჭრეს. მთლიანობაში, დადასტურდა, რომ მოკლულია 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 800-ზე მეტი. ეს მონაცემები ნამდვილად არასრულია. მტერმა ნამდვილი გენოციდი მოაწყო უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ მარიუპოლში, მძევლად აიყვანეს 400 000 უკრაინელი. ისინი გამუდმებით იბომბებიან თვითმფრინავებით, რეაქტიული არტილერიით, რაკეტებით.

ბომბავენ ჰუმანიტარულ დერეფნებს, რომლებითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გაქცევას ცდილობენ. ისინი კლავენ მათ, ვისაც დაჰპირდნენ, რომ წასვლის საშუალებას მისცემდნენ. ეს არის ომის დანაშაულები, ეს არის საშინელი მწუხარება უკრაინისთვის. მაგრამ, მინდა შეგახსენოთ, რომ რუსი ჯარისკაცები ხოცავენ ევროპული ქვეყნის ხალხს. სად არის თქვენი ღირებულებები და იდეალები? სად არის საერთაშორისო ორგანიზაციების მილიარდობით დოლარის შრომა? სად არის გაერო, წითელი ჯვარი, ეუთო? ისინი დაიმალნენ.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ფაქტზე, რომ დღეს უკრაინაში სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 10 000-მდე სტუდენტი პუტინის ტერორისტების სამიზნეა. მათგან 2 000-ზე მეტი რუსმა ჯარისკაცებმა უკვე მძევლად აიყვანეს. ბევრი მათგანი არის ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან. ახალგაზრდები რჩებიან რუსეთის ჯარების მიერ ბლოკირებულ ქალაქებში - ჩერნიგოვში, სუმიში, ხერსონში, მარიუპოლში. რუსები ამ ქალაქებს ბომბავენ. ისინი, რეალურად, მთელ მსოფლიოს ებრძვიან. მათთანაც კი, ვინც ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს. ეს არ იმუშავებს, ბოროტება შერჩევითად არ მუშაობს.

ოკუპანტებს მძევლად ჰყავთ ჟურნალისტები: ამჟამად ცნობილია ბრიტანეთის მოქალაქეების შესახებ ქალაქ სტოიანკა-2-ში. მათ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და კიდევ ერთი ჟურნალისტი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, დაჭრეს. შვეიცარიის მოქალაქეს კუპანტებმა ნიკოლაევის მიდამოში ესროლეს და გაძარცვეს. სამწუხაროდ, თქვენ მაინც აძლევთ ამის საშუალებას ოკუპანტებს.

დღეს ერთი რამ მინდა გითხრათ - ნუ გეშინიათ. ნუ გეშინიათ, ისევე, როგორც არ გვეშინია ჩვენ. 11 დღეში უკრაინამ მთლიანად გაანადგურა მითი რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ. 11 დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე მოკლეს 11000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, რომელიც 6 წელი გაგრძელდა. კიდევ რამდენიმე დღე და რუსეთის დანაკარგი -  დაღუპულები და დაჭრილები გადაწონის ავღანეთში 10 წლიანი ომის დანაკარგებს. ჩვენ უკვე გავანადგურეთ 300 ტანკი და 1 000 ჯავშანმანქანა, 40-ზე მეტი თვითმფრინავი.

[...] ნუ გეშინიათ! ისევე, როგორ არ ეშინიათ ჩვენს ახალგაზრდა ბიჭებსა და გოგოებს, რომლებიც მტერს აჩერებენ. როგორც არ ეშინიათ ჩვენს ფერმერებს, რომლებიც იტაცებენ მტრის ჯავშანმანქანებს. როგორც არ შეშინდა საფოსტო კომპანიის თანამშრომელს, რომელმაც რუსული თვითმფრინავი MANPADS-იდან ჩამოაგდო. დღეს ევროპას აქვს შანსი, დაამარცხოს ტირანი, რომელიც ათწლეულების მანძილზე აშინებდა ყველას. ეს მოითხოვს უკრაინის გამძლეობას. რუსეთი ღია ბრძოლაში ვერ დაგვამარცხებს. ჩვენი ქალაქების კრიმინალური დაბომბვით ვერ შეგვაშინებს. გამარჯვებისთვის გვჭირდება დახმარება - დახურული ცა და იარაღი. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს და თქვენ. ჩვენ არ გვეშინია რუსების. ისინი გარბიან და ასობით მათგანი ტყვედ აიყვანეს. ჩვენ გვჭირდება რესურსები ჯარის შესამოსად, ჩვენი ხალხის გამოსაკვებად. დანგრეულის სწრაფად აღსადგენად. თქვენ უნდა გაზარდოთ ზეწოლა რუსეთსა და ყველაზე, ვინც ფულს იღებს მოსკოვში, რადგან ისინი ომს მოგიტანენ თქვენს სახლში. სამყარო შეიცვალა. ძალიან სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. ევროპაში ომი მიდის. კრემლმა, შესაძლოა, ახალი ცეცხლი დაანთოს. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. უკრაინელი ხალხი მათ წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ თქვენი დახმარება სიცოცხლეებს გადაარჩენს, მათ შორის, თქვენი შვილებისა და ნათესავების სიცოცხლეს. ომი ყოველდღე ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილს ნიშნავს. 

მადლობა ყველას ვინც უკვე გვეხმარება. ყველას მოვუწოდებ, აჩვენონ, რომ თავისუფალ სამყაროს არ ეშინია ბუნკერში დამალული ერთი ტირანის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები