საქართველო-რუსეთი

"ეს შესაძლებლობაა ჩვენი კომპანიებისთვის" – მინისტრი რუსეთში 15 ქართული კომპანიის დაშვებაზე

საქართველოს მთავრობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ თქვა, რომ რუსეთის ბაზარზე 15 ქართული კომპანიის პროდუქტის ექსპორტის დაშვება მათთვის "შესაძლებლობაა".

"ეს პროცესი დაიწყო კომპანიების თხოვნით, მათი მომართვის საფუძველზე. 2020 წელს დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ამის შემდეგ ჩვენ გარკვეული ინფორმაციის და დოკუმენტების მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. ცალსახად მინდა ეს განვაცხადო. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ცხოველური წარმოშობის სურსათის ეს ბაზარი. ეს არის მთელი პროცესი, რაზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება, ბოლომდე აამუშაონ თავიანთი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები". – თქვა შამუგიამ

მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, როგორია მთავრობის პოზიცია მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, უპასუხა, რომ მხარდაჭერის მიუხედვად, სავაჭრო ურთიერთობაში გარკევული ვალდებულებები არსებობს მეწარმეებისა და მოქალაქეების მიმართ.

"ბატონი პრემიერის, ხელისუფლების ყველა შტოს მიერ გაცხადებულია, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ჩვენ მეგობარ ხალხს. ეს ცალსახაა და ეს ერთი საკითხია. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც არის რუსულ მხარესთან, ეს ურთიერთობები არსებობს ამ ეტაპზე და ჩვენ ვალდებული ვართ, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, მეწარმეების, ფერმერების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას". – თქვა ოთარ შამუგიამ.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

კომენტარები