რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს

უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთში მცხოვრებ ქართველ პროპაგანდისტ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა წერს.

"როგორც გენერალური პროკურორი, გატყობინებთ, რომ უკრაინაში თქვენი საპროცესო სტატუსი ასეთია – ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში. უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურორები თქვენს საერთაშორისო ძებნაში გადაცემის პროცესს დააინიცირებენ". - მიმართავს ვენედიქტოვა კანდელაკს.

როგორც ვენედიქტოვა წერს, უკრაინის პროკურატურამ მას შემდეგ რაც თინა კანდელაკმა გამოთქვა აზრი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა უნდა დატოვოს და მისი ადგილი ვიქტორ იანუკოვიჩმა უნდა დაიკავოს, კანდელაკის Telegram-ის პირადი არხი შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ კანდელაკი კრემლის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია.

როგორც ვენედიქტოვას მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში ჩანს, კანდელაკზე საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აღიძრა, რომელიც ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა ან დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.

"უკვე არსებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი რაც მინდა მინდა გთხოვო, ეს არის – მოძებნე კარგი იურისტები და დახმარებისთვის არ მიმართო იმათ, ვინც ცრუ და მავნებლური ინფორმაციის გავრცელებას გავალებს. ისინი სიმართლეს არ გიტყვიან. სიმართლე კი ის არის, რომ როდესაც სხვა სახელმწიფოების საზღვრების გადაკვეთას შეეცდებით, შესაბამისი ორგანოები უკრაინაში ექსტრადაციის მიზნით დაგაკავებენ". - ამატებს ვენედიქტოვა.

კომენტარები