რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

VOA: 3 000 ამერიკელ მოხალისეს უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლა სურს

მოხალისე მოლოტოვის კოქტეილით საწვრთნელ ბაზაზე, 2022 წლის 6 თებერვალი
AP

ამერიკის ხმის უკრაინული გამოცემის ცნობით, 3 000 ამერიკელი მოხალისეს უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად ჩასვლა სურს. ინფორმაციას გამოცემა ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ამერიკის ხმას აცნობა, რომ 3 000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა გაწევრიანებაზე უკრაინის მოწოდებას საერთაშორისო ლეგიონში" - წერს გამოცემა.

მოხალისეებს შორის სხვადასხვა საბრძოლო გამოცდილების მქონე ვეტერანები არიან.

მთლიანობაში უკრაინაში 16 000 უცხოელი მოხალისე ჩადის. პირველები უკრაინაში მოხალისეები ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ჩავიდნენ. ინტერნაციონალურ ლეგიონში გაერთიანების სურვილი გამოთქვეს საქართველოს, ხორვატიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები