რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უცხოელებისთვის, რომლებსაც უკრაინის დაცვა სურთ, საერთაშორისო ლეგიონი ჩამოყალიბდება

ვოლოდიმირ ზელენსკი
ABACA/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ქვედანაყოფის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა. ლეგიონში გაწევრიანებას შეძლებენ უცხოელები, რომლებსაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ.

"ყველა უცხოელს, რომელსაც სურს რუს ოკუპანტებთან ბრძოლას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას შეუერთდეს, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი.

სწორედ ეს იქნება თქვენი მხარდაჭერის გადამწყვეტი საბუთი". – ნათქვამია პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის განკარგულებით უცხოელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი კონტრაქტით შეუძლიათ.

უცხოელებს ლეგიონში გაწევრიანებაზე ინფორმაცია შეუძლიათ უკრაინის საელჩოებში მიიღონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები