რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ილონ მასკს ომის შემდეგ უკრაინაში ეპატიჟება

ვოლოდიმირ ზელენსკი/ილონ მასკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ეპატიჟება. 

"თუ დრო გექნებათ ომის შემდეგ, კეთილი იქნება თქვენი მობრძანება, გეპატიჟებით", – უთხრა ზელენსკიმ ილონ მასკს ვიდეოსაუბრის დროს. 

ილონ მასკმა ზელენსკის შეთავაზებას თანხმობით უპასუხა.

 საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ილონ მასკს ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადა.

"ვესაუბრე ილონ მასკს. მადლობელი ვარ, რომ უკრაინას სიტყვითა და საქმით ეხმარება. მომდევნო კვირაში, განადგურებული ქალაქებისთვის, Starlink-ის სისტემების მომდევნო პაკეტს მივიღებთ. განვიხილეთ შესაძლო კოსმოსური პროექტები, მაგრამ ამაზე ომის შემდეგ ვისაუბრებ", – წერს ზელენსკი.

ილონ მასკმა რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას ახალი თაობის სატელიტური ინტერნეტი და სპეციალური მოწყობილობები უფასოდ გადასცა

Starlink-ი კომპანია SpaceX-ის ინოვაციური პროდუქციაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მაღალი სიჩქარის ინტერნეტის უკაბელოდ, სატელიტების მეშვეობით გავრცელების საშუალებას იძლევა.

მასკის თქმით, მაღალია იმის ალბათობა, რომ STARLINK რუსეთის სამიზნე გახდეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები