რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"აზოვის" ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის პორტი მწყობრიდან გამოიყვანეს

უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ელი კორპუსი "აზოვი" / Telegram

უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ელმა კორპუსმა "აზოვი" 10 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის პორტი, რის გამოც ობიექტი სამხედრო ლოჯისტიკური მიზნებისთვის გამოუსადეგარი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის სამიზნე ელექტრო ქვესადგურები, რადიოლოკაციური აღჭურვილობა, საკონტროლო კოშკურა, საწვავის საცავი ავზები, სარემონტო ობიექტები და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული სანქცირებული სატვირთო გემი "Lady Augusta" იყო.

"აზოვის" კორპუსის მიხედვით, დარტყმის შედეგად პორტში ელექტროენერგია გაითიშა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსული არმიის ლოჯისტიკა ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში. 

ბოლო პერიოდში უკრაინამ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსული ლოჯისტიკური ქსელების წინააღმდეგ იერიშების კამპანია გააძლიერა. მანამდე, მაისის დასაწყისში, "აზოვმა' გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ჩანდა თუ, როგორ დაფრინავენ ოკუპირებული ქალაქის გარშემო არსებული გზების თავზე უკრაინული მოიერიშე და სადაზვერვო დრონები. დანაყოფის მიხედვით, მათ დრონებს მტრის ხაზების უკან 160 კილომეტრამდე პატრულირება შეუძლიათ. 

პარალელურად, უკრაინულმა მხარემ იერიშები მიიტანა რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ და ოკუპირებული ყირიმისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 ივნისის ღამის საათებში ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის ფონზეც ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ უკრაინის იერიშების შედეგად დაზიანდა ნახევარკუნძულისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე მდებარე ხიდებიც.

კომენტარები