რუსეთში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები - ნაიჯელ კეისი, ალექსანდერ ლამბსდორფი და ნიკოლა დე რივიერი - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილეს შეხვდნენ.
რუსული მედიის ცნობით, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში კომენტარის გარეშე შევიდნენ.
10 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნის ელჩები მის მოადგილესთან შეხვედრას თავად ითხოვდნენ, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი განეხილათ.
"ჩვენ მათ შევხვდებით და მოვუსმენთ. უბრალოდ საინტერესოა, როგორ ჩამოაყალიბებენ თავიანთ აზრებს ეს ადამიანები და თუ იქნება მათ ნათქვამში რამე, რაც კონსტრუქციულ ფიქრს გამოიწვევს" - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, სანამ რუსეთი არ დარწმუნდება, რომ ევროპული განცხადებები მოლაპარაკებების დაწყების სურვილის შესახებ სერიოზულია, ის "მათ ყურადღებას არ მიაქცევს".
მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა "დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ძიების საკითხის მიმართ რუსეთის მიდგომები განუმარტა".
შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტროს შენობიდან გამოსვლისას საფრანგეთის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განხილვა კარგად წარიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან შეხვედრა საათ-ნახევარს გაგრძელდა.




