რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა – უკრაინამ არმიანსკთან ხიდებს დაარტყა

Крымский ветер / Telegram

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის ფონზეც ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უკრაინის იერიშების შედეგად დაზიანდა ნახევარკუნძულისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე მდებარე ხიდებიც.

თავის მხრივ, რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის ე.წ. "გუბერნატორმა" განაცხადა, რომ 11 ივნისს ქალაქში საწვავი არ გაიყიდება, ვინაიდან სატვირთო მანქანებმა ქალაქამდე ვერ მიაღწიეს. 

Украинская правда-ს მიხედვით, ღამის განმავლობაში ყირიმის თავზე დრონების აქტიურობის შესახებ ცნობები გავრცელდა. გამოცემა წერს, რომ იერიში რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

ტელეგრამ-არხ Крымский ветер-ის ინფორმაციით, სევასტოპოლში აფეთქება მოხდა: "როგორც ჩანს, იყო დარტყმა. ნათება იყო კოზაჩის ყურის სიახლოვეს." 

გავრცელებული ცნობების მიხედვით, იერიში მიიტანეს ქალაქ არმიანსკის სიახლოვეს საგზაო ხიდზეც. ამასთან, სოციალური მედიის მომხმარებლები წერდნენ, რომ ასევე დაზიანდა კრასნოპერეკოპსკში არმიანსკიდან შემავალი ხიდიც: "როგორც ჩანს, ნახევარკუნძულისკენ მიმავალ სახმელეთო გზებზე დაუზიანებელი ხიდები აღარ დარჩა." – ეწერა ერთ-ერთ პოსტში. 

ცნობისთვის, ბოლო დღეებში უკრაინამ რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ სახმელეთო მარშრუტებზე იერიშები გააძლიერა. 6 ივნისს უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო კონტროლი დაამყარეს ჩონჰარის ლოჯისტიკურ მარშრუტზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს უკავშირდება.

კომენტარები