აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინიკენის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მან თქვა, რომ რთულია პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, თუმცა, უკრაინის დამარცხება გარდაუვალი არ არის. ბლინკენმა შეაქო უკრაინელი ხალხის გასაოცარი გამძლეობა. მან დაამატა, რომ ის სრულად დარწმუნებულია, რომ გარკვეული დროის შემდეგ უკრაინას შეეძლება გამარჯვება.
"თუ მოსკოვის განზრახვაა, რომ რამენაირად დაამხოს ხელისუფლება და დასვას მარიონეტული რეჟიმი, 45 მილიონი უკრაინელი ამას ნებისმიერი შესაძლო გზით წინააღმდეგობას გაუწევენ". – თქვა ბლინკენმა
"ომი ისე არ წავიდა, როგორც პუტინს შეიძლება ჰქონოდა დაგეგმილი". – დაამატა მან.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





