ზაპოროჟიის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა ოკუპანტეპმა ქალაქ მელიტოპოლის ტელეანძა დაიკავეს და უკრაინული არხების ნაცვლად, რუსული პროპაგანდისტული არხების ტრანსილირება დაიწყეს. ადმინისტრაცია ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალოგიური ვითარებაა ქალაქ ხერსონშიც, რომელსაც ამჟამად ასევე, რუსები აკონტროლებენ. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამთავრობო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გენადი ლაგუტა ავრცელებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.