რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ჟიტომირზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სკოლის შენობა განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს გაავრცელა.
"რუსებმა ქალაქ ჟიტომირზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. არიან თუ არა დაჭრილები და გარდაცვლილები, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. ფაქტია, რომ სკოლის შენობის ნახევარი სრულად განადგურდა. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს". - ამბობს ქალაქის მერი.
ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. ამ დროისთვის, შენობიდან 5 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
აღნიშნული სკოლა ქალაქის ცენტრში, მერიისა და საოლქო სამტავრობო ადმინისტრაციის შენობებთან ახლოს მდებაროებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ





