რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი: უკრაინაში თითოეული ნაციონალისტი მეთაურის მკვლელობისთვის $500 000 იქნება ჯილდო

რამზან კადიროვი
Oleg Nikishin/Pressphotos/Getty Images

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა "ბანდერას", "აზოვის" და "დუდაევის შაიტანთა" ბატალიონის მეთაურების მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა - თითოეული მეთაურის თავის სანაცვლოდ 500 000 დოლარი.

"ამას ვამბობ არა როგორც ოფიციალური პირი, არამედ როგორც მოხალისე რუსეთის პატრიოტების სახელით, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობები და გამოთქვეს სურვილი გადაიხადონ 500 000 დოლარი თითოეული მეთაურის თავისთვის. 

მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და უკრაინის უშიშროების სამსახურს: თქვენ უფრო განათლებული და წიგნიერი ხალხი ხართ, უნდა გესმოდეთ სიტუაცია და გვერდში უნდა დაუდგეთ რუსულ ქვედანაყოფებს, რათა განდევნოთ ნაცისტური ბოროტება. მაგრამ რატომღაც უფრო გეშინიათ "ბანდერასი". ნუ შეგეშინდებათ მათი! რუსი სამხედროების გვერდით არ უნდა გეშინოდეთ.

ზელენსკიმ უნდა შეიცვალოს აზრი და გაიგოს, რომ მას ვერცერთი ბუნკერი ვერ გადაარჩენს. ის პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილზე და თავისი ხალხის მომავალზე. სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია - რუსული მხარის პირობები სრულად უნდა შესრულდეს"- აცხადებს კადიროვი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დენილოვის თქმით, ლიკვიდირებულია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის "ელიტური" დაჯგუფება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას გეგმავდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები