რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: Nord Stream 2-ის მშენებელი გერმანული კომპანია გადახდისუუნაროა, სავარაუდოდ, დაიხურება

Reuters

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მშენებელმა გაზპრომის  შვილობილმა გერმანულმა კომპანიამ განაცხადა, რომ იგი, სავარაუდოდ, დაიხურება მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე შეაჩერა გაზსადენის სერტიფიცირება.

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც უკრაინის გვერდის ავლით რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენი ააშენა, გადახდისუუნაროა. თუმცა გავრცელებულ განცხადებაში კომპანია გაკოტრების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

22 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე გერმანიის მთავრობამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამტკიცების პროცესი დროებით შეაჩერა. გაზსადენის მშენებლობას სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. პრეზიდენტი ჯო ბაიდენის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვერ წასულიყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები