საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სპონსორი აღარ იქნება

რუსული VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი აღარ იქნება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

"VTB ბანკი იყო როგორც ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი, აგრეთვე ეროვნული და  ასაკობრივი ნაკრებებისაც. ჩვენ მათთან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი ვთქვით. რა თქმა უნდა, საკონტრაქტო ხელშეკრულებები და ვალდებულებები არსებობს, რაც გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს და მიმდინარეობს. თუმცა, 25 თებერვლიდან, როდესაც ეროვნული ლიგა დაიწყო, სტადიონებსა და მის პერიმეტრზე უკვე VTB-ს აღარცერთი ბანერი აღარ იყო. აგრეთვე, VTB ბანკის წარწერები და რეკლამები აღარ იქნება აღარც სავარჯიშო ატრიბუტიკასა და ფედერაციის ვებგვერდზე". - ამბობს მუჯირი.

VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი 2020 წლიდან გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც, რომლის ქონება და აქტივებიც ამერიკაში გაიყინება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები