რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კუპიანსკის პუტინისტმა მერმა რუსებს ქალაქი ჩააბარა

უკრაინის ქალაქ კუპიანსკის პუტინისტმა მერმა ქალაქი რუსებს ჩააბარა.

ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის წევრმა, გენადი მაცეგორმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ყვება, რომ რუსეთის ჯარების ბატალიონის მეთაურმა მათ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, ქალაქზე შტურმის სანაცვლოდ, რაზეც, კუპიანსკის მერის თქმით, ის დათანხმდა.

"კიდევ ერთმა რთულმა დღემ ჩაიარა ჩვენი ქალაქისთვის, პირადად ჩემთვის, მათთვის, ვინც ბოლო 4 დღე ჩემ გვერდით იყო. მორიგე ნაწილს დაურეკა რუსეთის ჯარების ბატალიონის მეთაურმა მოლაპარაკებების შემოთავაზების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, ქალაქზე დაიწყება შტურმი, ყველა შედეგით. გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა ქალაქში - ყველა იმ სტრუქტურებისა, რომლებსაც ცხოვრებაში ვეღარ აღვადგენთ. 

ჩემთან მოლაპარაკებებზე იყო პოლიციის უფროსი, ნატალია შევჩენკო. ჩვენ ვისაუბრეთ სამხედროების მოქმედებებზე, რომელთა მიზანია ქალაქში შესვლა, წესრიგის უზრუნველყოფა, მოსახლეობის დამშვიდება და დამარწმუნეს, რომ ეს არანაირად არ აისახება ქალაქის ცხოვრებაზე. ქალაქში იქნება წესრიგი. ასევე, მთელი დღევანდელი დღის განმავლობაში წესრიგს უზრუნველყოფდა ჩვენი რაიონის განყოფილება, ჩვენი პატრული, რომლებიც იცნობენ ქალაქის მცხოვრებლებს და რომლებიც მხარში მედგნენ მთელი ეს ოთხი დღე". - ჰყვება ის.

მაცეგორი ვიდეოში კუპიანსკის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ "თამამად გამოძვრნენ სარდაფებიდან", რადგან სერიოზულ დაბომბვამდე მათ გააფრთხილებენ.

"მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება ჩემზეა, ყველაფერი, რაც ქალაქში ხდება, ჩემი პასუხისმგებლობააა, მე ვრჩები ქალაქში მთელი ეს დრო, ასე იქნება შემდგომშიც. იმუშავებს საავადმყოფო, სკოლა, ბაღები, ხვალიდან ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში. არ გვეშინია პროვოკაციების, რომლებზეც, სამხედროების თქმით, მათი რეაგირება იქნება სათანადო. ყველა პროვოკაცია აისახება ჩვენზე, ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებზე. უნდა გავერთიანდეთ და ავაწყოთ ნორმალური ცხოვრება. ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს მოქმედებაზე, იმაზე, ახლა რა რეკომენდაციას გავუწევთ საკუთარ თავს. ამიტომ, თამამად გამოძვერით სარდაფებიდან, თავშესაფრებიდან, სერიოზულ დაბომბვებზე გაგვაფრთხილებენ, რათა მოსახლეობა დაცული იყოს", - ამბობს გენადი მაცეგორი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები