რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში რუსმა დივერსანტებმა ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლეს, მათ შორის ერთი ბავშვია

კიევში რუსმა დივერსანტებმა ავტომობილს, რომელშიც ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუხსნეს

დაიღუპა 3 ადამიანი, ცოლ-ქმარი და მათი მე-4 კლასელი გოგო. ინფორმაციას კიევის საქალაქო საბჭოს მდივანი, ვოლოდიმირ ბონდარენკო ავრცელებს.

"მისი სახელი იყო პაულინი. სწავლობდა კიევის #24 სკოლის მე-4 კლასში. დღეს დილით მას და მის მშობლებს რუსმა სამხედრომ ესროლა". - წერს ბონდარენკო FACEBOOK-ზე. 

დაიღუპნენ მშობლებიც. ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. 

უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთ რაიონში ძლიერი სროლისა და შეტაკების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს

სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქალაქ ახტირკაში დაბომბვებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული 7 წლის გოგონაა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები