Reuters-სთან საუბრისას ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ გერმანია მესამე ქვეყნის გავლით უკრაინაში 400 RPG-ის მიწოდების დამტკიცების პროცესშია.
გერმანიამ ნიდერლანდებს უფლება მისცა, რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას 400 სარაკეტო ყუმბარმტყორცნი გაუგზავნოს, რაც მიანიშნებს ბერლინის სამხედრო პოლიტიკაში ევროკავშირისა და NATO-ს მოკავშირეების ზეწოლის ფონზე მკვეთრ ცვლილებაზე მიანიშნებს.
გერმანიის პოზიციის ცვლილება, შესაძლოა, უკრაინისთვის ევროპული სამხედრო დახმარების სწრაფ ზრდას ნიშნავს, რადგან კონტინენტის იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი ნაწილი ნაწილობრივ მაინც გერმანული წარმოებისაა, რაც ბერლინს აძლევს იურიდიულ კონტროლს მათ გადაცემაზე. თუმცა, ბერლინის პოზიციის შეცვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იარაღის გადაზიდვის ყველა მოთხოვნა დამტკიცდება, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად წყდება.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.





