რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვერ გაგართობთ მაშინ, როცა ხალხი კვდება" – რუსმა რეპერმა, Oxxxymiron-მა კონცერტები გააუქმა

ცნობილმა რუსმა რეპერმა, Oxxxymiron-მა მოსკვოვსა და სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი 6 კონცერტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გააუქმა. კონცერტებზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

Oxxxymiron-მა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ხალხს ვერ გაართობს მაშინ, როდესაც უკრაინაში რაკეტები ცვივა.

"მე ვიცი, რომ რუსეთი უმრავლესობა ომის წინააღმდეგია და დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს თავის დამოკიდებულებაზე საკითხის მიმართ, რათა უფრო სწრაფად დავასრულოთ ეს საშინელება. მე არ შემიძლია გაგართოთ მაშინ, როდესაც უკრაინაში რაკეტები ცვივა, როდესაც კიევის მცხოვრებლები იძულებულები არიან სარდაფებსა და მეტროს სადგურებში დაიმალონ, როდესაც ადამიანები იღუპებიან", - თქვა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

კომენტარები