რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ვეცდებით მივაღწიოთ უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინისთვის ომის გამოცხადების სიტყვაში ახსენა, რომ მისი თავდასხმის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და "დენაციფიკაციაა".

პუტინის უკვე მრავალჯერ ნახსენები პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, უკრაინაში არის ნეონაცისტური რეჟიმი, რომელიც გენოციდს უწყობდა უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს. ამიტომ, თავდასხმის ერთ-ერთ გამამართლებლად ის ამ ჯგუფებისგან უკრაინის "დენაფიციფიკაციის" საბაბს იყენებს. არსებული ფაქტებით, დონბასის რეგიონში რუსების მიმართ გენოციდის ჩადენა არ დასტურდება.

"მისი (რუსეთის ოპერაციის) მიზანი არის იმ ადამიანთა დაცვა, რომლებიც კიევის რეჟიმის მხრიდან რვა წლის განმავლობაში არიან დამცირების, გენოციდის მსხვერპლები, ამისათვის ჩვენ ვეცდებით მივაღწიოთ უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას, ასევე სამართლისთვის მათ გადაცემას, ვინც ჩაიდინეს მრავალი სისხლისმღვრელი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ", – თქვა პუტინმა.

მან რადიკალი ნაცისტებისა და ნეონაცისტების მხარდაჭერაში NATO-ს ქვეყნები დაადანაშაულა.

"NATO-ს წამყვანი ქვეყნები, საკუთარი მიზნების მისაღწევად, მხარს უჭერენ რადიკალ ნაციონალისტებსა და ნეონაცისტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ყირიმელებსა და სევასტოპოლელებს არასდროს აპატიებენ რუსეთთან შეერთების თავისუფალ არჩევანს. რა თქმა უნდა, ისინი ყირიმსა და დონბასში შემოძვრებიან თავიანთი მეთოდებით, რათა მოკლან, როგორც ხოცავდნენ დაუცველ ხალხს სისხლისმსმელები უკრაინელი ნაციონალისტების ბანდებიდან - დიდი სამამულო ომის დროს ჰიტლერის თანამზრახველები", – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა რუსეთის მიერ თავდაცვად შეაფასა.

"ვიმეორებ, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შელახვის სურვილს. ისინი დაკავშირებულია თავად რუსეთის დაცვასთან, მათგან, ვინც უკრაინა მძევლად აიყვანეს და ცდილობენ მის გამოყენებას ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ვიმეორებ, ჩვენი ქმედებები არის თავდაცვა წარმოქმნილი საფრთხეებისგან და იმაზე დიდი უბედურებისგან, ვიდრე დღეს ხდება", - თქვა პუტინმა.

მრავალთვიანი დაძაბულობის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა.

კომენტარები