დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რა შეზღუდვები იმოქმედებს კიევში საგანგებო რეჟიმის შემთხვევაში – კლიჩკოს განმარტება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რომ კიევში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, გაძლიერდება კონტროლი ქალაქში შესვლასა და გასვლაზე, შეიზღუდება მასობრივი შეკრებები და აქციები და შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობაც.

• ოლქების ტერიტორიაზე მუშაობას დაიწყებს ოპერატიული შტაბები საოლქო სამთავრობო ადმინისტრაციისა და კიევის საქალაქო სამთავრობო ადმინისტრაციის თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით;

• დამყარდება გაძლიერებული კონტროლი ქალაქებისა და ოლქების ტერიტორიებზე შესვლასა და გასვლაზე;

• შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტით გადაადგილება და მოხდეს მათი შემოწმება;

• შეიზღუდება მასობრივი შეკრებები

• აიკრძალება აქციების გამართვა და შესაძლოა დაწესდეს დამატებითი შეზღუდვებიც.

გარდა ამისა, კლიჩკომ აღნიშნა, რომ ქალაქებსა და ოლქებში არ იმოქმედებს კომენდანტის საათი, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან დამოუკიდებლად არ მიიღებენ. მისივე თქმით, ზემოხსენებული შეზღუდვები 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

23 თებერვალს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები