რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს, თუმცა არაფერს წერს წაშლილ უკრაინულ ანონსზე

Facebook

საქართველოს რაგბის კავშირი 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის მატჩის შესახებ განცხადებას ავრცელებს, თუმცა არაფერს წერს წაშლილ უკრაინულ ანონსზე.

"სამშობლოში თამაში, თანაც იმის ფონზე, რომ დინამო არენაზე მაყურებელთა 50% დაიშვება, ქომაგთა ნაწილს აძლევს შესაძლებლობას, მივიდნენ სტადიონზე, სრულად გაიზიარონ ის მუხტი და ენერგია, რაც თამაშიდან მომდინარეობს და უგულშემატკივრონ ბორჯღალოსნებს. სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციების გამო ტრიბუნები პირთამდე ვერ შეივსება, მაგრამ რაგბის კავშირისთვის და ბორჯღალოსნებისთვის თითოეული გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ თამაშს განსაკუთრებულობას სძენს. ისე მოხდა, რომ 250-ე ტესტის, თანაც რუსეთთან, მოგების შემთხვევაში, საქართველო ოფიციალურად იზეიმებს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას". – წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს ატაშე, ანტონ ხალიზოვი რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზე საქართველო-რუსეთის მატჩის შეხვედრის უკრაინულად დაწერილი ანონსი მას შემდეგ წაიშალა, რაც საქართველოს რაგბის კავშირს ევროპის რაგბის კავშირმა მიმართა. 

საქართველოს რაგბის კავშირს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ტაბულა კავშირისგან პასუხის მიღებას კვლავ ცდილობს, მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ანონსი საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზე გუშინ, 22 თებერვალს გამოქვეყნდა

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები