დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Reuters: აშშ რუსულ ბანკებთან კავშირის გაწყვეტას გეგმავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ გეგმავს რუსულ ბანკებთან კავშირის გაწყვეტას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

გამოცემის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოამზადა სანქციების სია, რომელშიც შედის აშშ-ს ფინანსური ინსტიტუციების მიერ რუსეთის მთავარი ბანკებისთვის ტრანზაქციების დამუშავების შეწყვეტა. ინფორმაცია ამის შესახებ Reuters-ს საქმესთან ახლოს მყოფმა სამმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. 

სანქციების, რომლებიც მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამოქმედდება, მთავარი მიზანი არის რუსეთის ეკონომიკის დაზიანება, საერთაშორისო გადარიცხვების უზრუნველმყოფი ამერიკული ბანკებისა და რუსულ ბანკებს შორის საბანკო ურთიერთობის გაწყვეტით. 

ამავე წყაროების თქმით, აშშ-ს შედგენილი აქვს სპეციალური სტატუსის მქონე პირთა და კომპანიების სიაც (SDN), რომელში მყოფებსაც ვერ შეეძლებათ ამერიკელებთან ვაჭრობა, გაეყინებათ აშშ-ში არსებული აქტივები და გაირიცხებიან ამერიკული საბანკო სისტემიდან. 

გამოცემასთან კომენტარზე უარი თქვეს თეთრ სახლსა და აშშ-ს სახელმწიფო ხაზინაში.

გამოცემის წყაროების თქმით, მათთვის უცნობია სანქციების ზუსტი სამიზნეები, თუმცა ფიქრობენ, რომ მათში შესაძლოა მოხვდნენ ისეთი რუსული საფინანსო ორგანოები, როგორებიცაა VTB ბანკი, სბერბანკი, საინვესტიციო კომპანია VEB-ი და გაზპრომბანკი.

აღსანიშნავია, რომ VTB ბანკი საქართველოშიც მოქმედებს.

Reuters-თან ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბანკებთან საფინანსო ურთიერთობის გაწყვეტას ისეთივე მტკიცე ეფექტი არ ექნება, როგორც SDN-ის სანქციებს, თუმცა ამ მეთოდით რუსულ ბანკებს მაინც დიდი ზარალი მიადგებათ, რადგან გაუჭირდებათ ტრანზაქციების დოლარის ვალუტაში შესრულება. მსოფლიო ვაჭრობის ტრანზაქციების დიდი ნაწილი სწორედ დოლარის მეშვეობით სრულდება.

Reuters-თან წყაროებს არ უთქვამთ, შესაძლოა თუ არა რუსული ბანკების SDN-ის სიაში მოხვედრა, თუმცა მათ ამერიკულ კომპანიებთან საფინანსო ურთიერთობის გაწყვეტაც აზარალებთ. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები