ე.წ. ქოლცენტრების საქმე

პროკურატურა: დავაკავეთ 5 ადამიანი – მათ ე.წ. ქოლცენტრი მოაწყვეს და თანხას თაღლითურად დაეუფლნენ

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კიდევ 5 ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ისინი გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ურეკავდნენ, გამოგონილი სახელებით ეცნობოდნენ, კომპანიის ადგილსამყოფელზე ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ და მათივე შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტებისა და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდნენ. 

"ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.

აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია". - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ჯგუფის წევრები თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლებით დააკავეს, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფის წევრი 17 პირის მიმართ არის დაწყებული, ხოლო 1 პირის მიმართ საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

"გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე". - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს აღნიშნული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები