კრიმინალი

პროკურატურა: დაკავებულია ე.წ. ქოლ-ცენტრის 7 თანამშრომელი – მილიონობით ევრო თაღლითურად მიიღეს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს - დაკავებულია 7 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს, ისინი გერმანიის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ, გამოგონილი სახელებით ეცნობოდნენ და მათ მიერ შექმნილ პლატფორმაზე ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდნენ. პროკურატურის ცნობით, ისისნი გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს დაეუფლნენ.  

"დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.

ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით". - წერს პროკურატურა. 

პროკურატურის ინფორმაციით, ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. თანხმობის შემდეგ, უწყების ცნობით, დაზარალებულები თანხას ჯგუფის ანგარიშზე რიცხავდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, თანხა ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე თავსდებოდა, საიდანაც, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საქართველოში ირიცხებოდა.  

"აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია". - წერია განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე  ჯგუფის 7 წევრი დააკავეს - ექვს მათგანს  ბრალი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით წარუდგინეს, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"საქართველოს პროკურატურამ ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულ იქნა მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენების მიზნით.

გამოძიება, გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით". - ამბობენ პროკურატურაში.

კომენტარები