ე.წ. ქოლცენტრების საქმე

EUROJUST & EUROPOL: მხარს ვუჭერთ ქოლცენტრების სქემასთან დაკავშირებულ გამოძიებას

ევროკავშირის იუსტიციის ერთიანმა სააგენტომ (Eurojust) და ევროკავშირის პოლიციამ, Europol-მა მხარი დაუჭირეს ქოლცენტრების სქემასთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომლითაც სულ მცირე, 33 000 ადამიანი, დაახლოებით 89 მილიონი ევროთი დაზარალდა.

განცხადების თანახმად, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში 15 ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ხუთი არაკანონიერი ქოლცენტრი აღმოჩნდა. ეს ოპერაციები 2021 წლის თაღლითური სქემის გამოძიების გაგრძელებაა. 

Eurojust-ის ორგანიზებით 2023 წლის იანვარში ქოლცენტრების სქემის შესახებ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი (JIT) შეიქმნა. გარდა ამისა, სააგენტო დაეხმარა ევროპული დაპატიმრების ორდერების, ევროპული საგამოძიებო ორდერებისა და ურთიერთსამართლებრივი დახმარების მოთხოვნების შესრულებაში. სპეცოპერაციის დღეებში 33 გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები ბულგარეთში, რუმინეთში, საქართველოსა და ისრაელში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციები Europol-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

ასევე, გამოძიების მხარდასაჭერად Europol-მა შექმნა სპეციალური ოპერატიული სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ხელი შეუწყო ინფორმაციის გაცვლას და ანალიტიკურ მხარდაჭერას. ბოლო სამოქმედო დღეებში Europol-მა გაგზავნა ექსპერტები ისრაელში და - დისტანციურად - Eurojust-ის საკოორდინაციო ცენტრში.

სპეცოპერაციების დროს ამოიღეს ძვირადღირებული საათები, ელექტრონული აღჭურვილობა, ნაღდი ფული, ბიტკოინები, საბანკო ბარათები, მრავალი დოკუმენტი და მონაცემთა შემნახველი მოწყობილობები.

BBC-იმ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება თაღლითების იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც, მასალების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

სრულად წაიკითხეთ აქ: მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

კომენტარები