ე.წ. ქოლცენტრების საქმე

კობახიძე: კეზერაშვილის გარდა ყველას აკავებენ, ვიდრე დასჭირდებათ, გამოიყენებენ, იხმარენ

ქართული ოცნება

"ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა" - ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ე.წ ქოლცენტრების საქმეზე ალბანელი ბიზნესმენის, ამანტ იოსიფის დაკავების შესახებ დასმულ კითხვას. მისი ვარაუდით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი "მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გლობალური ომის პარტიის ხელში" და ამიტომ, "ყველაფერი ეპატიება". კობახიძის თქმით, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება, "კეზერაშვილიც გაუყენონ პარტნიორების გზას".

"ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებშიც დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და მარჯვენა ხელები, ეს არის ერთერთი მორიგი მაგალითი. საინტერესო რა არის – ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა. გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ გლობალური ომის პარტიას, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს. კერძოდ, სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება - ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ყველაფერი ეპატიება, რადგან მისი ხელით გლობალური ომის პარტია საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, ენჯეოებს, მედიასაშუალებებს. ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალური ომის პარტიის ხელში. ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა. ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, იხმარენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება, ისიც გაუყენონ მისი პარტნიორების გზას" - ამბობს კობახიძე.

დუბაის პოლიციამ ალბანელი ბიზნესმენი, ამანტ იოსიფი 6 სექტემბერს დააკავა. იოსიფს ესპანეთის პროკურატურა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით თაღლითობაში სდებდა ბრალს და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

როგორც ალბანური მედია აღნიშნავს, 2022 წლის 8 და 9 ნოემბერს, ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სააგენტოსთან (Eurojust) და ევროკავშირის პოლიციასთან, Europol-თან თანამშრომლობით ალბანეთის ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა სტრუქტურამ ალბანურ ქალაქებში მდებარე Milton Group-თან კავშირში მყოფ ექვს ე.წ. ქოლ-ცენტრში ჩაატარა რეიდი და 4 ეჭვმიტანილი დააკავა. მათი ცნობით, გამოძიებამ ცხადყო, რომ ზემოხსენებულ ქოლ-ცენტრებს ბიზნესმენ ამანტ იოსიფთან დაკავშირებული 3 კომპანია ფლობდა.

ალბანური მედია აღნიშნავს, რომ ბიზნესმენი იმ სქემის ნაწილი იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ასობით ათას მოქალაქეს ჯამში 2.4 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა.

ამავდროულად, იოსიფის ერთ-ერთი ადვოკატი ესპანეთის სასამართლოში აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ე.წ. ქოლ-ცენტრები როგორც ბიზნესმენს, ისე ჰქონდა ნაქირავები და მან საერთოდ არ იცოდა, რა ტიპის საქმიანობა მიმდინარეობდა ამ ოფისებში. იოსიფი ესპანური სასამართლოს წინაშე არ წარსდგა და მისმა ადვოკატმა სასამართლოზე ვიდეოზარით ჩართვა მოითხოვა.

ესპანური მედიის ცნობით, იოსიფი დუბაიში ინტერპოლმა დააკავა, ამ ეტაპზე ის თავისუფალია და ესპანური სასამართლოს მხრიდან ექსტრადაციის მოთხოვნას ელოდება.

ამანტ იოსიფი 2018-2020 წლებში ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლტა ჯაჩკას პოლიტიკური მრჩეველი იყო.


12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს იყენებს. გამოძიების ბრალდებით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით "ბრალდებების უსამართლობა" დაამტკიცოს.

მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

კომენტარები