ალეკ ბოლდუინი

დაღუპული ოპერატორის ოჯახი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის

Befunky

ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე დაღუპული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახი ალეკ ბოლდუინს და ვესტერნზე მომუშავე რამდენიმე ადამიანს სასამართლოში უჩივის.

საჩივარში მითითებულია, რომ ბოლდუინმა დაარღვია რამდენიმე უსაფრთხოების წესი, ასევე გაუაზრებლად გაისროლა საბრძოლო ვაზნებით დატენილი იარაღიდან, რაც ნიუ-მექსიკის კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. საქმეს დართული აქვს ასევე ოპერატორის ასისტენტის, ლეინ ლუპერის ჩვენება. ასისტენტის თქმით უბედურ შემთხვევამდე დღეებით ადრე გადასაღებ მოედანზე რამდენჯერმე მოხდა უნებლიე გასროლა. ლუპერმა პროტესტის ნიშნად დატოვა პროექტი. 

2021 წლის 22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას ბოლდუინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის. სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი წარწერით ყველაფერი კარგად იქნება გამოაქვეყნა.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები