ალეკ ბოლდუინი

მას, ვინც ბოლდუინს იარაღი მისცა, უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

Whiskey Riff

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ. 

"2019 წელს, Hulu-სთვის სერიალ Into The Dark-ს ვიღებდით. პროდიუსერებს წერილი მივწერე, რომელშიც გადასაღებ მოედანზე დეივ ჰოლსის მუშაობაზე შეშფოთება გამოვხატე. გადასაღებ მოედანზე არ იყო საევაკუაციო ბილიკები, ასევე ბლოკირებული იყო ავარიული გასასვლელები, არ გამართულა შეხვედრა, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე დავილაპარაკებდით". – იხსენებს გოლი.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე უბედურ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ასევე მსახიობმა ჯენსენ ეკლსმაც ილაპარაკა, რომელიც Rust-ში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. 

გამოცემა Fox-ის ინფორმაციით ჰოლსი ფილმ Freedom's Path-ზე მუშაობდა. ასისტენტი მას შემდეგ გაათავისუფლეს პროექტიდან, რაც გადამღები ჯგუფის ერთ ერთი წევრი სარეკვიზიტო იარაღით დაშავდა.

"ვადასტურებ რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე იარაღმა გაისროლა, დაშავდა გადამღები ჯგუფის ერთი წევრი. ჰოლსი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ, ინციდენტის შესახებ სტუდიას შევატყობინეთ". – ამბობს Freedom's Path-ის პროდიუსერი.

დეივ ჰოლსი

გარდაცვლილი ოპერატორის ქმარს მეთიუ ჰატჩინს გამოცემა Fox დაუკავშრდა:

"ალეკ ბოლდუინს ველაპარაკე, ის გვერდში მიდგას". – ამბობს ჰატჩინსი.

კინოსტუდიის წარმომადგენლის განმარტებით უბედური შემთხვევა სცენის გადაღების დროს მოხდა, რომელშიც მსახიობი ცარიელი ვაზნით დატენილი იარაღით ისროდა. 

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები