დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

მაკრონი პუტინს სატელეფონო საუბრისას: გულწრფელი დიალოგი სიტუაციის ესკალაციას არ შეესაბამება

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი
AP

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები დაახლოებით საათ-ნახევარი უკრაინის საზღვართან დაძაბულობას განიხილავდნენ. 

"საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების შეშფოთება გააცნო. მან  პუტინს უთხრა, რომ გულწრფელი დიალოგი სიტუაციის ესკალაციას არ შეესაბამება". - ვკითხულობთ ფრანგული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ისაუბრეს ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობასა და მინსკის შეთანხმების განხორციელების გზებზე.

"პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას ჩვენ ვერ დავინახეთ იმის ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს". - განმარტა საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზარის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მაკრონი ასევე ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ელისეის სასახლის ცნობით, ზელენსკისთან საუბრისას მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებასისკენ მოუწოდებს და ამასთანავე, ემზადება იმ დიპლომატიურ პირებისა და მათი ოჯახების ევაკუაციისთვის, ვისაც უკრაინის დატოვება სურს.

ემანუელ მაკრონი რუსეთს 8 თებერვალს ეწვია. რუსეთში ვიზიტის მიზანი უკრაინის დაძაბულობის დიპლომატიურად გადაჭრა იყო. პუტინთან შეხვედრა, დაახლოებით, 6 საათი გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის მაკრონმა თქვა, რომ მან, კრიზისთან დაკავშირებით პუტინთან გამონახა გარკვეული "თანაკვეთის წერტილები". მისი თქმით, "მშვიდობის შენარჩუნებისთვის დრო ჯერ კიდევ დარჩა". 

ვლადიმირ პუტინის თქმით, ემანუელ მაკრონმა წამოაყენა გარკვეული შეთავაზებები, რომელთა დახმარებით დიპლომატიის კუთხით შესაძლოა "მომდევნო ნაბიჯების გადადგმა".


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები