ტყიბული

შრომის ინსპექცია ტყიბულზე: გამოვლინდა ადამიანური შეცდომები, უსაფრთხოების მართვის ნაკლები

flickr.com

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების მოკვლევა დასკვნით ეტაპზეა. ინსპექციის ცნობით, მოკლევის ფარგლებში ადამიანური შეცდომები, კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე კონტროლის ნაკლებობა გამოავლინეს. 

ასევე, შრომის ინსპექციის ცნობით, უსაფრთხოების დამატები ზომების უზრუნველყოფის გამო შახტში სამუშაო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.

"შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარარელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება.

შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშულის მიუხედავად , მთელს მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "საქნახშირმა" ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს". - წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის შრომის ინსპექცია იზიარებს საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს. 

30 იანვარს, გვიან ღამით მინდელის შახტში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი. საქნახშირის განცხადებით, შახტში აფეთქება ოსტატ-ამფეთქებლების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ და საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ გამოიწვია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები