ტყიბული

საქნახშირი: 30 იანვარს აფეთქება მეშახტეების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია

flickr.com

საქნახშირმა 30 იანვარს ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქების შესახებ მოკვლევის პირველადი შედეგი წარადგინა. საწარმოს განცხადებით, შახტში აფეთქება ოსტატ-ამფეთქებლების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ და საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ გამოიწვია.

"ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთოების წესების შესახებ. ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას – უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არსებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).

მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებლის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა, ოსტატ-ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება". – ნათქვამია საწარმოს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მოკვლევის ზოგიერთი შედეგი, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დადგენა. მომხდარს ასევე იძიებს შრომის ინსპექციაც.

30 იანვარს, გვიან ღამით მინდელის შახტში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები