ტყიბული

ობუდსმენი ტყიბულზე: მოხდეს ყველა დარღვევის იდენტიფიცირება, დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები

ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ოფისი

სახალხო დამცველი ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს და მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შევძლოთ.

ომბუდსმენი ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას - მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება.

ამასთან, სახალხო დამცველის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამაც. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს.

კომენტარები