დოლანდ ტრამპი

ტრამპი უარყოფს, რომ თეთრი სახლის ტუალეტში სამთავრობო დოკუმენტები ჩარეცხა

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ პრეზიდენტობისას თეთრი სახლის ტუალეტში დოკუმენტები ჩარეცხა.

"კიდევ ერთი ყალბი ამბავია, რომ თითქოს მე ფაილები და დოკუმენტები თეთრი სახლის საპირფარეშოში ჩავრეცხე, რაც კატეგორიულად არასწორი და წიგნით პოპულარობის მოპოვებისთვის რეპორტიორის მიერ გამოგონილი ამბავია". - აღნიშნა ტრამპმა პასუხად. 

ინფორმაცია Axios-მა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, New York Times-ის რეპორტიორი, მეგი ჰაბერმანი წიგნში "თავდაჯერებული მამაკაცი" წერს, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები ხშირად პოულობდნენ განადგურებულ დოკუმენტებს ტუალეტში ჩარეცხილს.

"თეთრი სახლის რეზიდენციის თანამშრომლები პერიოდულად პოულობდნენ ტუალეტში გაჭედილ ქაღალდებს. რის გამოც თანამშრომლებს სჯეროდათ, რომ ტრამპი დაქუცმაცებულ დოკუმენტებს საპირფარეშოში რეცხავდა". - წერს Twitter-ზე წიგნის ავტორი მეგი ჰაბერმანი.

თეთრ სახლში New York Times-ის რეპორტიორის წიგნი - "თავდაჯერებული მამაკაცი" ტრამპის პრეზიდენტობასა და მის შესაძლო დაბრუნებას შეეხება. წიგნის ქვესათაური "დონალდ ტრამპის შექმნა და ამერიკის ჩამოშლაა". 

ამერიკის ეროვნული არქივის ცნობით, ტრამპმა თეთრი სახლიდან წაღებული დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი დააბრუნა. ტრამპის განმარტებით, არქივებმა მარტივად გადაიტანეს ის ყუთები, რომლებიც შეიცავდა "წერილებს, ჩანაწერებს, გაზეთებს, ჟურნალებს და სხვადასხვა სტატიას". 

"მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისგან განსხვავებით, საბუთები გაიცა მარტივად, კონფლიქტის გარეშე და ძალიან მეგობრულ გარემოში".- აღნიშნა ტრამპმა. 

კანონი პრეზიდენტის ჩანაწერის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩანაწერების შენახვას ავალდებულებს, რათა  საქმიანობის დასრულების შემდეგ დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცეს. 

თებერვლის დასაწყისში ეროვნულმა არქივმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულებისას რამდენიმე დოკუმენტი დახია, თანამშრომლებს კი მათი აღდგენა მოუწიათ.  არქივმა იუსტიციის დეპარტამენტს სთხოვა, გამოეკვლია არღვევდა თუ არა ტრამპი მსგავსი ოფიციალური ჩანაწერების წარდგენით ფედერალურ კანონს. 

კომენტარები