დოლანდ ტრამპი

ტრამპმა მისივე სახელმწიფო მდივანი IQ ტესტების შეჯიბრში გამოიწვია

www.gettyimages.com

პენტაგონში შეხვედრისას დონალდ ტრამპს, მისივე სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჭკუასუსტი უწოდა, - ამის შესახებ NBC News წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს სახელმწიფო მდივანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ამ მიზეზით ტილერსონი ზაფხულში თანამდებობის დატოვებასაც აპირებდა, თუმცა, ვიცეპრეზიდენტმა პენსმა გადაარწმუნა.

“მგონია, რომ ეს ცრუ ცნობებია, მაგრამ თუ ეს მან მართლაც თქვა, მაშინ IQ ტესტების შედარება მოგვიწევს. შემიძლია ახლავე გითხრათ, ვინ მოიგებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. თეთრი სახლის პრესსამსახურმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო.

ინფორმაციის კომენტირება მოუწია ტილერსონსაც, მან საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ გადადგომას არასდროს აპირებდა. ტილერსონმა დაადასტურა ტრამპისადმი ლოიალობა, მაგრამ პირდაპირ არ უარყო გავრცელებული ცნობები, რომ თითქოს მან პრეზიდენტს ჭკუასუსტი უწოდა. ამის ნაცვლად, მან შემდეგი განცხადება გააკეთა:

“არ ვაპირებ ასეთი უმნიშვნელო სისულელეების განხილვას და არ ჩავერთვები ადმინისტრაციის დაპირისპირების მცდელობაში.“

თავის მხრივ, ტრამპმა გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდი უწოდა, თქვა, რომ მოგონილია და მოითხოვა გამოცემამ ბოდიში მოუხადოს „მთელ ამერიკას“.  მისი თქმით, ის ტილერსონს 100%-ით ენდობა.

მას შემდეგ, რაც ამ NBC-მ გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ამერიკის ბირთვული არსენალის გაათმაგებას გეგმავს, ტრამპმა არხისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხიც კი წამოჭრა.

ამ განცხადებების მიუხედავად, კრიტიკოსებს არ ავიწყდებათ, რომ დონალდ ტრამპი და რექს ტილერსონი ერთმანეთს საჯაროდაც უპირისპირდებიან. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, ტრამპმა დაიწუნა აშშ-ის მთავარი დიპლომატის ტაქტიკა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში.

„მე ვუთხარი რექს ტილერსონს, ჩვენს არაჩვეულებრივ სახელმწიფო მდივანს, რომ პატარა „ადამიან რაკეტასთან“ მოლაპარაკების მცდელობით ის დროს კარგავს. დაზოგე ენერგია, რექს! ჩვენ გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთ“, - წერდა პრეზიდენტი.  

ზაფხულში პრეზიდენტს ტილერსონიც აკრიტიკებდა. 2017 წლის აგვისტოში შარლოტსვილში თეთრი რასის აღმატებულების მომხრეებსა და ანტიფაშისტ მოქალაქეებს შორის სასტიკი დაპირისპირება მოხდა. ტრამპმა შეტაკებების განხილვისას აღნიშნა, რომ „კარგი ადამიანები ორივე მხარეს იდგნენ“. მაშინ სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტის განცხადებაზე თქვა, რომ ტრამპი მხოლოდ „თავისი სახელით საუბრობს“ და რომ მისი განცხადება „ამერიკელი ხალხის ღირებულებებს არ ასახავს“.

ტილერსონმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დაიკავა. POLITICO  წერს, რომ მისი პოლიტიკური ხედვა მყარია ისეთ საკითხებში, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობაში მკაცრი პოზიციის დაჭერა. ამასთან, იგი მხარს უჭერდა აშშ-ის ტრანს-წყნაროკეანურ პარტნიორობაში და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დარჩენას.  სახელმწიფო მდივანი ასევე მიზნად ისახავს,  გაამყაროს ურთიერთობა ამერიკის მოკავშირეებთან და დიალოგის მეშვეობით განმუხტოს კონფლიქტი ჩრდილოეთ კორეასთან.

კრიტიკოსებს ტილერსონის კომპეტენციაში ეჭვი შეაქვთ. ამბობენ, რომ მას არც საკუთარი ფილოსოფია გააჩნია, არც - ინიციატივა. მისი პროფესიული ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკის ნავთობის კორპორაციის, Exxon Mobil-ის მართვას დაეთმო. აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება, იყოს ქვეყნის მთავარი დიპლომატი. ტრამპის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ტილერსონი საკუთარ პოზიციებს საკმარისი სიმტკიცით ვერ გამოხატავს. პრეზიდენტის მომხრეები კი იმაში ადანაშაულებენ, რომ ის ადმინისტრაციის სათქმელს სათანადოდ ვერ გადმოსცემს.

კომენტარები