სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო და პროცესში დაინტერესებული მხარეები საკმარისად ჩართულები არ იყვნენ.

"უკვე გამოვთქვი სერიოზული შეშფოთება ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რათა პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე საკმარისად არ ჩართულიყო. სწორედ დაინტერესებულ მხარეებს უნდა უზრუნველყოთ გარანტიები ამ სამსახურის გამართული ფუნქციონირების თაობაზე. არ ვიქნებოდი იმის წინააღმდეგი, რომ მიღებული გაკვეთილის საფუძველზე, სამომავლოდ დისკუსიები გამემართა, თუ როგორ უნდა უზრუნველგვეყო ამ სამსახურის სწორი მიმართულებით განვითარება". - თქვა ჰარცელმა საზოგადოებრიცი მაუწყებლის ცნობით. 

ჰარცელმა ასევე თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო.

"ეს იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი და ჩვენც საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ინსტიტუტსა და მის წინამორბედ, მონაცემთა დაცვის ოფისში. ეს ინსტიტუტი დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილია, რომელიც კონტროლისა და ბალანსის უზრუნველყოფას ეხება. მე არ გამოვხატავ რაიმე ფორმულას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის დაცვის უზრუნველყოფა ისე, რომ ყველას შეეძლოს დაყრდნობა მის გამართულად ფუნქციონირებაზე". - ამბობს კარლ ჰარცელი.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები