ტყიბული

შრომის ინსპექცია: დარღვევის გამო შახტში სამუშაოები შევაჩერეთ და კონკრეტული უბანი დავხურეთ

netgazeti.ge

ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებაზე შრომის ინსპექციის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს.

"პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში. დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

გამოვლენილი დარღვევის გამო, შრომის ინსპექციამ აფეთქებითი სამუშაოების შეჩერებისა და კონკრეტული უბნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება.

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი მოკვლევის შედეგებს ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ შახტაში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, სამინისტროს პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისას ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაოები მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები