მე-10 მოწვევის პარლამენტი

ევროპელი სოციალისტები თავშეკავებისკენ მოუწოდებენ "ყველას, ვინც უკრაინის კრიზისშია ჩართული"

ფრაქცია ევროპელმა სოციალისტებმა უკრაინაში განვითარებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია წარადგინეს, თუმცა, ქართული ოცნების შემუშავებული რეზოლუციის მგავსად, ამაშიც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.

რეზოლუციის მიხედვით, ფრაქცია საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარების და დამკვიდრების მომხრეა.

"უკრაინაში სამხედრო ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვემხრობით საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს. ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში. მომხრეები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების". – წერია რეზოლუციაში

ფრაქციის თავჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ რეზოლუციის წარდგენისას მოუწოდა მთავრობას, ჩაერთოს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. 

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც მინსკის ხელშეკრულებით და ნორმანდიული ფორმატის გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება შესაძლებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ჩაერთოს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში". – ამბობს ინჯია

მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. დღეს მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების მიერ მომზადებული პროექტი წარადგინა, სადაც რუსეთი ნახსენები არაა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები